ევროკავშირისა და GITA-ს IT დასაქმების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო!
10.8.2024

IT დასაქმების პროგრამა აძლევს შესაძლებლობას, როგორც ახალბედა, ისე გამოცდილ IT სპეციალისტებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დაიწყონ კარიერა გლობალურ ან რეგიონულ IT ბაზარზე. პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის გადაცემაზე, რაც მონაწილეებს დაეხმარება დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და გახდნენ მოთხოვნადი პროფესიონალები.

პროგრამა მოიცავს დისტანციურ და ფიზიკურ (რეგიონულ) კომპონენტს.  

დისტანციური კომპონენტი მოიცავს 5 მოთხოვნად IT მიმართულებას:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია; 
  • მანქანური სწავლება;
  • მონაცემთა ინჟინერია;
  • კიბერუსაფრთხოება;
  • DevOps;

პროგრამის ფორმატი და სტრუქტურა

დისტანციური სწავლება – ეს ფორმატი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სახლიდან. 6 თვიანი ონლაინ კურსები მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას და გთავაზობთ 5 ძირითად მიმართულებას

რეგიონული პროგრამა – რეგიონებში მცხოვრები დამწყები IT სპეციალისტებისთვის პროგრამა ხელმისაწვდომია 10 რეგიონში, სადაც პარტნიორი საერთაშორისო IT კომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარდება ფიზიკური კურსები. პროგრამა მოიცავს:

  • QA ტესტირებას (Exact Pro, Lineate, EPAM)
  • ბიზნეს ანალიტიკას (DataArt, EPAM)
  • Java დეველოპმენტს (DataArt)
  • პროექტის მენეჯმენტს (Sweeft, Making Science)
  • ბიზნეს ინტელექტი (Quantori)

მიმართულებები რეგიონის მიხედვით:

  • QA ტესტირება (რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი);
  • ბიზნეს ანალიტიკა (აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთი);
  • Java (ქვემო ქართლი);
  • პროექტის მენეჯმენტი (იმერეთი);
  • ბიზნეს ინტელექტი (კახეთი);

როგორ ხდება შერჩევა?

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტები მიიღებენ კითხვარს, რომელიც უნდა შეავსონ 48 საათის განმავლობაში. პირველ ეტაპზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან გასაუბრებას, რის შემდეგაც პროგრამაში 400-მდე საუკეთესო მონაწილე შეირჩევა.

რეგისტრაცია ღიაა 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე. კურსების არჩევა შესაძლებელია პორტალზე doit.gov.ge "უნარები დასაქმებისთვის" ველში.

ყველას ნახვა